ზესტაფონში, სოფელ მეორე სვირის საუბნო გზების აღდგენა მიმდინარეობს

986

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ზესტაფონის მერიის ცნობით, მეორე სვირში, რომელიც მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი დიდი სოფელია, საუბნო გზების რამდენიმე მონაკვეთის სრული აღდგენა მიმდინარეობს.

„ლომინაშვილების უბანში კოხრეიძის მეორე ჩიხი, რომელიც სრულად იყო გამოსული მწყობრიდან და მუდმივად იტბორებოდა, აღდგა. მოხდა 150 მეტრი გზის მოშანდაგება. ამ ტერიტორიაზე თხუთმეტამდე ოჯახი ცხოვრობს, ვისაც ყოველდღიურად უწევდა ამ გზის გავლა და მუდმივად პრობლემები ექმნებოდათ“,- განაცხადა სოფლის დეპუტატმა, ბადრი წაქაძემ.

მერიის ცნობით, მეორე სვირის მშვილდაძე–ედიბერიძეების უბანში 155 მეტრ საუბნო გზის მონაკვეთზე, რომელიც იტბორებოდა და ტრანსპორტით გადაადგილებას საფრთხე ექმნებოდა, მოწესრიგდა გზის საფარი, გაკეთდა რკინა–ბეტონის სანიაღვრე არხი, ჩაიყარა 25 გრძივი მეტრის 600 მილიმეტრიანი მილი.