სირიელ ლტოლვილებს ოჩამჩირეში ქართველების სახლებს სთავაზობენ

1126

აფხაზეთის დეფაქტო რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა, სირიიდან ლტოლვილების დასახლების საკითხი გალის რაიონის შემდეგ ოჩამჩირეშიც განიხილა. ინფორმაციას ლაივპრესი  „აფსნიპრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ბესლან დბარი ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ხრიპს ჯოპუას შეხვდა.

„ჩვენი მიზანია მოვიძიოთ ლტოლვილებისთვის საჭირო საცხოვრებელი. ცნობილია, რომ აქ ბევრი ცარიელი სახლია, სადაც შეიძლება დაბრუნებულმა თანამოქალაქეებმა იცხოვრონ. დღეის მდგომარეობით, აფხაზეთში 500 რეპატრიანტი ცხოვრობს. ამ პროცესის განვითარება გააუმჯობესებს დემოგრაფიულ პრობლემას, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ბესლან დბარმა.

თავის მხრივ, ლტოლვილების განსასახლებლად ოჩამჩირის დეფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მას შესთავაზა ის საცხოვრებელი ფართობები, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ.

„ოჩამჩირეში 14 სოფელი, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ, ცარიელია. არის ორი კორპუსი, ერთის 20 ბინა საცხოვრებლად ვარგისია, მეორეში კი 78 ბინაა, რომლის გადაცემაც რეპატრიაციის სამისიტროს ბალანსზე შეგვიძლია. აქ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა. ასევე რემონტი უტარდება ყოფილი კოლმეურნეობის შენობას, სადაც 100 ოჯახის შესახლება არის შესაძლებელი. არის ასევე ინტერნატის შენობა, რომლის გამოყენებაც შეიძლება. ოჩამჩირეში არის ბევრი ცარიელი მიწის ნაკვეთიც. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, აქ არის ბოსტნეულის სასათბურე მეურნეობები, სადაც 10-მდე ოჯახის დასაქმება შეიძლება“, – აღნიშნა ხრიპს ჯოპუამ.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში რეპატრიაციის მინისტრი ბესლან დბარი გალის რაიონში იმყოფებოდა და ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თემურ ნადარაიას შეხვდა. როგორც ტელეკომპანია „გალ ტვ“ იუწყება, მათ სირიიდან გალის რაიონში აფხაზების რეპატრიაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.