თელავში მოხალისეობის პირველი რეგიონული ფორუმი გაიმართა

903

20 ივნისს თელავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოხალისეობის პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი  რეგიონში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ფორუმში 140-მდე სტუმარი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო სექტორის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები, აგრეთვე მოხალისეობის მსურველი ახალგაზრდა აქტივისტები.

აქტიურმა მოქალაქეებმა, ქართველმა და უცხოელმა მოხალისეებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოხალისეობასთან დაკავშირებული გამოცდილება.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი აღნიშნავს, რომ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, რადგან მან ერთმანეთთან დააკავშირა მოხალისეობის მაძიებელი ორგანიზაციები და მოხალისეები.

„ჩვენ ქვეყანაში მოხალისეობას, მის განვითარებას რეალურად სჭირდება მხარდაჭერა. ამას ემსახურებოდა დღევანდელი ფორუმი. ასეთი ტიპის ფორუმები, ერთი მხრივ, არის შესაძლებლობა, პოპულარიზაცია გაუწიოს მოხალისეობრივ საქმიანობას, მოუწოდოს ადამიანებს და დაეხმარონ სხვებს, გააცნობიერონ, რა მნიშვნელობა აქვს მოხალისეობას პიროვნული თუ ორგანიზაციული განვითარებისთვის. მეორე მხრივ, ეს დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ რეალურად აქ არის ადგილი მოხალისეებისა და მოხალისეების მიმღები ორგანიზაციების ურთიერთშეხვედრის, რეალური გასაუბრების, შეთანხმებების მიღწევისთვის. ანუ მოხალისეობის ფორუმი შეიძლება ჩავთვალოთ, საწყის დღედ, რომელმაც უნდა დაუდოს საფუძველი მოხალისეობის განვითარებას საქართველოში“, – თქვა  ნათია ნამიჭეიშვილმა.