თბილისის არქიტექტურის სამსახური სერვისების მიწოდების რეფორმას იწყებს

1013

თბილისის არქიტექტურის სამსახური სერვისების მიწოდების რეფორმას იწყებს. უწყების ცნობით, მისი მიზანი არსებული გამოწვევების დაძლევა, აგრეთვე, მომხმარებელთა მომსახურების გამარტივება და ოპტიმიზაციაა.

ცვლილებები იმ რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდება, რომელიც არქიტექტურის სამსახურისათვის შეიმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით შეიმუშავა.

დღეს მხარეებმა რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს. მას თბილისის მერიის, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესკომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ორმოცზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თემურ ბოლოთაშვილის თქმით, სამსახური მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია საქართველოში, ხოლო ეფექტიანი და დროული სერვისების უზრუნველყოფა მისი უშუალო მოვალეობაა.

“რეფორმის მიმდინარეობისას გამოვლინდება ყველა ის ხარვეზი და გამოწვევა, რომელსაც არქიტექტურის სამსახურის მომხმარებლები აწყდებიან, ხოლო მისი მომსახურება გამარტივდება და მომხმარებელზე მორგებული გახდება”, – თქვა თემურ ბოლოთაშვილმა.

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორმა ნატო გაგნიძემ შეხვედრაზე დეტალურად წარმოადგინა ის ცვლილებები, რომლებიც ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებითაა გათვალისწინებული.

„ჩვენი რეკომენდაციები ეყრდნობა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ანალიზს, მათ შორის, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას. ჩვენს მიერ შეთავაზებული რეფორმა მიზნად ისახავს სერვისების მიწოდების მოდელის  განვითარებას იმ ტექნიკებისა და მიდგომების გამოყენებით, რომლებიც აღიარებულია, როგორც კარგი პრაქტიკა საჯარო სერვისების სფეროში. დაგეგმილი ცვლილებები ეფუძნება მომხმარებელზე ფოკუსირებულ მიდგომას, რაც გადამწყვეტია სერვისის ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად. მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა, ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის ხელშემწყობის მექანიზმების დანერგვა, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა, სტანდარტიზებული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და საინფორმაციო ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება – ეს ის ამოცანებია, რომლებიც უნდა შესრულდეს”, – განაცხადა ნატო გაგნიძემ.

არქიტექტურის სამსახურში რეფორმის დასრულებას 2018 წლის ბოლომდე ვარაუდობენ.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ახალი სერვისმოდელის შემუშავება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

“მუნიციპალური სერვისების რეფორმა საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის კარგი მაგალითია. გაეროს განვითარების პროგრამა მიესალმება ასეთ მიდგომას, რომელიც  არსებული გამოწვევების დაძლევას უწყობს ხელს. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი პრაქტიკა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაინერგება”, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, ნათია ნაცვლიშვილმა.

საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმა ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობის განვითარებას ისახავს მიზნად. საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის მიხედვით, ის 2020 წლამდე განხორციელდება და ექვს საკვანძო სფეროს შეეხება: პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სასმსახური და ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, მომსახურების  მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა და თვითმმართველობა.