კახა კალაძე: ცუდი ხმები მომდის, არავინ გაბედოს ბაღებში ბავშვების ნაცნობობით დარეგისტრირება

881

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მას “ცუდი ხმები მისდის” იმის შესახებ, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვებს ნაცნობობით არეგისტრირებენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც მიმართა.

“ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მინდა თქვენი საშუალებით გავაფრთხილო ყველა, რომ არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბავშვების რეგისტრაცია მოხდეს ვიღაცის დახმარებით, ნაცნობობით. ეს ჩემთვის კარეგორიულად მიუღებელია. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მინდა პირდაპირ ვუთხრა: არავინ გაბედოს არც სააგენტოში და არც მერიაში ვინმეს პროტექციონიზმის განხორციელება. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა გამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ამისათვის არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიყოთ მართალი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ვიღაცას მერიაში ჰყავდეს ნაცნობი, ვიღაცას საკრებულოში და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხალხს მისი იმედი აქვს და საზოგადოების ამ დამოკიდებულებას არ უღალატებს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ყველა ბავშვის უფლებებისთვის ერთნაირად იბრძოლებს.

თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.