ახალი 3-კვირიანი მთავრობა დამტკიცებულია

903

წინა სტატია

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძესა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 99 დეპუტატი 6-ის  წინააღმდეგ – ახალი, 3-კვირიანი მთავრობა დამტკიცებულია. 3-კვირიანი მთავრობა კი იმიტომ, რომ პრემიერი ბახტაძე მის რეორგანიზაციას და მცირე მთავრობის ჩამოყალიბებას სწორედ ამ ვადაში გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ სამინისტროები 14-დან 11-მდე შემცირდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს და პარლამენტმა ეს ცვლილებები უახლოეს პერიოდში უნდა მიიღოს.

ჯერ-ჯერობით, უცნობია, რომელი სამინისტროების გაუქმებას გეგმავს ახალი პრემიერი. ერთადერთი, რაც მან დაადასტურა, ისაა, რომ განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან.

ამჯერად კი მინისტრთა დროებითი კაბინეტი ასე გამოიყურება: საქართველოს პრემიერ-მინისტრი – მამუკა ბახტაძე; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ჩერქეზიშვილი; თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე; დევნილთა სამინისტრო – სოზარ სუბარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი; ფინანსთა მინისტრი – ნიკოლოზ გაგუა; შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია; ჯანდაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი.

ოპოზიციას ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის მხარი არ დაუჭერია. მთავრობამ მხოლოდ უმრავლესობის ნდობა მოიპოვა.

დღეს საქართველოს პარლამენტმა ასევე დაამტკიცა სამთავრობო პროგრამაც, რომლითაც საქართველოს მთავრობამ უნდა იხელმძღვანელოს. 3 კვირაში, სავარაუდოდ, ეს პროგრამაც შეიცვლება.