გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება

1323

თბილისში მოძრავ ავტობუსებში გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა დამონტაჟდება. ამის შესახებ ტენდერში წერია, რომელიც თბილისის მერიამ გამოაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

გარდა ამ მოთხოვნისა, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია კომპანიისგან ასევე ითხოვს, ყველა ავტობუსი ერთი მარკის და ერთი მოდელის იყოს და ისინი არანაკლებ 2018 წელს იყოს გამოშვებული.

ამასთან, ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა უნდა ხდებოდეს მძღოლთან არსებულ დისპლეიზე (მონიტორზე). ერთი კამერა მიმართული უნდა იყოს წინ – გზისკენ, მეორე – მძღოლისკენ, დანარჩენი კამერები უნდა იძლეოდეს ავტობუსის მთლიანი შიდა სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობას.

მგზავრების დასაჯდომი ადგილები (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 23 დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით. ადგილების კონფიგურაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება მგზავრების რაოდენობა სულ (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 69 მგზავრი.

ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული გათბობა, კონდინცირება და ვენტილაცია. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15˚C – +45˚C)

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავს. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 180 ათასი ლარია. გარანტიის ოდენობა 45 000 ლარი, ხოლო ვადა 160 დღეა.