დეპუტატ მაკრახიძის კომპანიაში სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

607

გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანიაში სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ხელმოწერების შეგროვება კომპანიაში მას შემდეგ დაიწყეს, რაც საინიციატივო ჯგუფმა „მარომ“ (სახელი შერჩეულია მარო მაყაშვილის პატივსაცემად) გორში, ცენტრალური ქუჩისთვის იოსებ სტალინის სახელის გადარქმევის მოთხოვნით პეტიცია მოამზადა.

“ჩვენი 300-კაციანი კომპანიიდან, უმეტესობა სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგია”, –  განაცხადა შპს ,,იბოლიას“ დირექტორმა გოდერძი მიქავამ.

მისი განმარტებით, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და თვის ბოლომდე ხელმომწერების რიცხვი კიდევ გაიზრდება.

“ზუსტად ვერ გეტყვით ამ ეტაპზე რამდენი ხელმოწერაა შეგროვებული, თუმცა გიდასტურებთ იმას, რომ ჩვენი კომპანიის თანამშრომლების უმრავლესობა სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგია. თუ საჭიროა, ხელმოწერებით გამოხატავენ ამ პოზიციას და თუ საჭირო გახდა გამოვლენ კიდეც“, – ამბობს გოდერძი მიქავა.

,,მოზაიკამ“ აღნიშნული ინფორმაცია “იბოლიას” ყოფილ ხელმძღვანელთან, დეპუტატ იოსებ მაკრახიძესთანაც გადაამოწმა. პარლამენტარმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ხელმოწერები სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით გროვდება, მოგვიანებით კი დაამატა, რომ პროცესი სტალინის ქუჩის სახელის გადარქმევის წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვასაც ეხება. მაკრახიძე ვარაუდობს, რომ გორში დაახლოებით 15 000 ხელმოწერა შეგროვდება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ,,იბოლია” გორის მაჟორიტარ დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს ეკუთვნის.

ასევე, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამასთან, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.

მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.