გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

1498

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგნეტოს” დირექტორმა, მომღერალმა გიორგი ნადიბაიძემ თანამდებობა დატოვა. ნადიბაიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

“ჩემი ინიციტივით დავწერე განცხადება. გირჩევთ, ნუ დაიწყებთ იმის ძიებას, რომ თითქოს რაიმე გაუგებრობა იყო. უბრალოდ მივხვდი, რომ სხვა რაღაცებისთვის დრო აღარ მრჩებოდა და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე დავუბრუნდები იმ სფეროს, რომელშიც აქამდე ვმოღვაწეობდი”, – თქვა გიორგი ნადიბაიძემ.

სააგენტოს ხელმძღვანელად გიორგი ნადიბაიძე 2018 წლის იანვარში დაინიშნა. მანამდე ის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

გიორგი ნადიბაიძე სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა. პირველად მაშინ, როცა ქალაქ გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი იხილებოდა – მან თანამშრომლი ლიზა ყაზიშვილი სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ ის ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას აპროტესტებდა. მეორე სკანდალი კი მის სამსახურში არსებულ ორ, სრულიად განსხვავებულ საშტატო ნუსხას უკავშირდებოდა.