რეგიონებში ინგლისური ენის სწავლების ახალი პროგრამა იწყება

586

საქართველოს ბანკი განათლების ახალი მასშტაბური პროგრამის განხორციელებას აანონსებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ინგლისური ენის სწავლებას მოიცავს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

კერძოდ, პროექტი გულისხმობს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შესწავლის მხარდაჭერასა და ისეთი სამოტივაციო მოდელის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში განათლების დონის კიდევ უფრო ამაღლებას. საქართველოს 20-მდე რეგიონალურ კლასტერში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობაა დაგეგმილი.

ბანკის ინფორმაციით, პროგრამაში აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ასევე, ჩატარდება ოლიმპიადები და კონკურსები ინგლისურ ენაში და გამარჯვებულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრონ საზაფხულო სკოლაში დიდ ბრიტანეთში.

საქართველოს ბანკის განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ვებ პლატფორმა, სადაც თავს მოიყრის ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის, განთავსდება საინტერესო ბლოგები. ეს იქნება საჭირო და ხელმისაწვდომი რესურსი გამოცდილების გაზიარებისა და ცოდნის გაცვლისთვის.