მაია ცქიტიშვილი: ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანება არ იგეგმება

1246

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროების შესაძლო გაერთიანებას, ამ ეტაპზე, არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ის ახლა წარმოდგენილია, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი. ცქიტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მამუკა ბახტაძის ახალ კაბინეტშიც გააგრძელებს მუშაობას.

“ამ ეტაპზე ნამდვილად არ განიხილება ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება. რეგიონული განვითარების სამინისტროს ძალიან დიდი პორტფელი აქვს და ეკონომიკის სამინისტროც ძალიან დიდი უწყებაა. ამ ორი სტრუქტურის გაერთიანება ალბათ მარტივი არ იქნება. პირველ რიგში, სამინისტროების ფუნქციებიდან გამომდნარე მოხდება გუნდის შიგნით მსჯელობა და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტების დონეზე უსმენენ, შემდეგ კი კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვედრა ფრაქციებში გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის შემადგენლობა 18 ივნისს გაუგზავნა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, 2-3 კვირაში პარლამენტს მთავრობის განახლებულ სტრუქტურას და შესაბამისად, ახალ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს. მისი თქმით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. ამიტომაც, მანამდე პარლამენტს ნდობის გამოცხადება ამ შემადგენლობისთვის მოუწევს.