როგორი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა მცირე მთავრობის პირობებში?

2634

მთავარი სიახლე, რაც ახალ სამთავრობო პროგრამაშია, მცირე მთავრობის ჩამოყალიბებაა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ მთავრობა 14-დან 11-მდე შემცირდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. ის იმედოვნებს, რომ ახალი სტრუქტურა 2-3 კვირაში ჩამოყალიბდება.

მცირე მთავრობის კონცეფციის ნაწილში თვითმმართველობებში დაგეგმილ სიახლეებზეც ვკითხულობთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თვითმმართველობის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები წინა სამთავრობო პროგრამიდან უცვლელადაა გადატანილი.

“გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა. მცირე, მოქნილი და ეფექტიანი მუნიციპალური მმართველობის ჩამოყალიბებასთან ერთად, გაიზრდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა ფისკალური დეცენტრალიზაციის გზით. მუნიციპალიტეტების გაზრდილი
უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველსაყოფად
ეტაპობრივად გაიზრდება ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების ხვედრითი წილი ნაერთი
ბიუჯეტის შემოსავლებში,” – ვკითხულობთ ახალ სამთავრობო პროგრამაში.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა სამთავრობო პროგრამაც, რომელსაც დღეს პარლამენტში იხილავენ. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კი ხვალისთვის იგეგმება.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. მან გადადგომის მიზეზად “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობა დაასახელა.

14 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა.