“ნაციონალური მოძრაობა” ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს

697

წინა სტატია

“ნაციონალური მოძრაობა”ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება გადასულია ძალისმიერ მმართველობაზე. უკანასკნელ პერიოდში ჩვენ გვახსოვს თბილისში განვითარებული პროცესები, სადაც ჩვენი დეპუტატები ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე ყოველგვარი არგუმენტებისა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დააკავეს. ამ პროცესებმა ოზურგეთში გადაინაცვლა, სადაც საკრებულოს ჩვენი დეპუტატი ბესიკ ქათამაძე სცემა “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატმა. შესაბამისად, ამ მოვლენებიდან გამომდინარე ვითხოვთ უსწრაფესად მოხდეს ამ საქმის გამოძიება და კონკრეტული დამნაშავეები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე, მნიშვნელოვანია “ქართული ოცნების” ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად პასუხისმგებლობა აიღოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რადგან ცენტრალური ხელისუფლებაა ის ორგანო, რომელიც ხელს აფარებს და გამოძიებას ხელს უშლის. მნიშვნელოვანია, რომ არაუგვიანეს პარასკევისა, ოზურგეთში ჩაინიშნოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება მსჯელობა იმ ადამიანების მანდატის შეჩერებაზე, რომლებიც ბესო ქათამაძის ცემასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

საკრებულოს დეპუტატმა ხვალ ოზურგეთში სოლიდარობის აქციაც დააანონსა: “ასევე, ხვალ 14:00 საათზე, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თვითმმართველობა და სამართლიანობა, მოგიწოდებთ, ოზურგეთში სოლიდარობის აქციაზე მობრძანდეთ ბესო ქათამაძის მხარდასაჭერად”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც ცნობილია, ოზურგეთში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა, კერძოდ, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესიკ ქათამაძე სცემეს. ქათამაძის ინფორმაციით, მას “ქართული ოცნების” წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ტარიელ აროშიძეს ბრალი 16 ივნისს წარედგინა.