ახალციხის მერია 40 პროექტიდან იმას განახორციელებს, რომელსაც მოქალაქეები აირჩევენ

758

ახალციხის მერიაში მოქალაქეების მიერ ელექტრონული აპლიკაციებით, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით 77 იდეა შევიდა და მათ შორის 40 შეირჩა. 40–დან კი ერთს, მოქალაქეები ისევ ელექტრონულად ხმის მიცემით შეარჩევენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

იმ პროექტის განსახორციელებლად, რომელსაც ადგილობრივები აირჩევენ, 2019 წლის ბიუჯეტში თანხას გაწერენ. მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს 40 წინადადებიდან ერთ–ერთისთვის ხმის მიცემა 17 სექტემბრამდე შეუძლიათ.

პროექტი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოქალაქეების ჩართულობას გულისხმობს, მიმდინარე წლის იანვრიდან ხორციელდება. პირველ ეტაპზე მოქალაქეებს შეეძლოთ ელექტორნული აპლიკაციები შეევსოთ და ის პრობლემები დაეწერათ, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ.

„შემოსული წინადადებები გაიფილტრა, მხოლოდ ისეთები აირჩა, რომლის განხორციელებაც შეუძლია მერიას და რომელბის ღირებულებაც არ აღემატება 50 000 ლარს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა მთავარი სპეციალისტი ლევან მიქაბერიძე.

მისივე თქმით, პროექტის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას რწმუნებულების დახმარებითა და საინფორმაციო ბუკლეტების საშუალებით გააცნეს.

40 საპროექტო წინადადებას შორის უმრავლესობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ეხება, როგორიცაა, მაგალითად, სოფლებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, სარწყავი არხებისა და გარეგანათების, ასევე რეკრეაციული ზონების მოწყობა.

აღნიშნული პროექტი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ორგანიზაციების USAID-ის, GGI–ის და IDFI–ის მხარდაჭერით ახალციხეში, ქუთაისსა და ბათუმში ხორცილდება.