ბახტაძის ახალი ძველი სამთავრობო პროგრამა – რა ბედი ელის დაპაუზებულ რეფორმას

1268

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც გადაუგზავნა. პროგრამა, რომელსაც წინა სამთავრობო პროგრამის მსგავსად, კვლავ “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” ჰქვია და ისევ 2018-2020 წლებს მოიცავს, კვირიკაშვილისეული პროგრამისგან დიდად არ განსხვავდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით არსებული ჩანაწერები წინა პროგრამიდან უცვლელად არის გადმოტანილი.

წინა მთავრობის დაპირება, რომ თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამდა, დაპირებადვე დარჩა. პრემიერმა კვირიკაშვილმა და რეგიონული განვითარების მაშინდელმა მინისტრმა ალავიძემ თანამდებობები ისე დატოვეს, რომ დეცენტრალიზაციის არათუ პროცესი დაწყებულა, სტრატეგიაც კი ვერ დაიწერა.

ამჯერად უკვე ბახტაძე გვპირდება, რომ მთავრობასთან ერთად სტრატეგიას შეიმუშავებს და 2025 წლამდე ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადადგამს.

“თვითმმართველობის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის
მიზნით, შემუშავდება დეცენტრალიზაციის ახალი, 2018-2025 წლების სტრატეგიის დოკუმენტი. რეფორმის მთავარი მიზანია, სუბსიდიარობის პრინციპებზე დაყრდნობით, თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გაზრდა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა, თვითმმართველობის როლის გაზრდა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში და თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით”, – ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.

მიუხედავად ამ ჩანაწერისა, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენებზე არც პრემიერ-მინისტრობის და არც მინისტრობის რომელიმე კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და დეცენტრალიზაციის პრიორიტეტულობაზე სიტყვაც არ უთქვამთ, ეს მაშინ, როცა უმთავრეს ამოცანად ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა სახელდება, ხოლო რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაზე პირდაპირ არის დამოკიდებული. დღეს გამართული საკომიტეტო მოსმენებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ბახტაძე და მისი მომავალი მთავრობა ამ გამოსავლად, მიუხედავად სამთავრობო პროგრამის ჩანაწერისა, ქვეყნის რეგიონებში ვითარების რადიკალურად შეცვლას არ განიხილავენ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სიღარიბის დაძლევის წამალს მცირე ზომის მთავრობაში, ინოვაციების განვითარებასა და განათლებაში ხედავს. ის, ასევე, ფიქრობს, რომ მეწარმეებს გარკვეულ შეღავათებს დაუწესებს, რაც ქვეყანას უმუშევრობის დაძლევაში დაეხმარება.

ექსპერტები კი თვლიან, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაშია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც 20-25 წლის წინ საქართველოს მსგავს პრობლემებს განიცდიდნენ, კრიზისიდან სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურმა რეფორმამ და  რეგიონული განვითარების გააზრებულმა პოლიტიკამ გამოიყვანა. ამ მაგალითებზე დაყრდნობით, დარგის ექსპერტები ამობობენ, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე მუნიციპალიტეტებს და რეგიონებს განვითარების პერსპექტივა არ აქვთ და, თუ დეცენტრალიზაციის პროცესს დაუყოვნებლივ არ დავიწყებთ, შედეგად მოსახლეობისგან უფრო მეტად დაცლილი ქალაქები და სოფლები და კიდევ უფრო გაღარიბებული ადამიანები შეგვრჩება.

უმთავრესი პრობლემა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებს უდგათ და რის გამოც მათი საქმიანობა არაეფექტურია, მწირი შემოსავლები და ქონებაა, რომლის უმეტესობაც დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, შემოსავლების დიდი ნაწილი კი, მუნიციპალური ბიუჯეტების ნაცვლად, ცენტრალურ ბიუჯეტში მიემართება. ამიტომაც მუნიციპალიტეტები, რომლებიც გათანაბრებით და კაპიტალურ ტრანსფერზე არიან მიბმული, მუდმივად ფინანსთა სამინისტროს კეთილგანწყობაზე დამოკიდებული რჩებიან, სწორედ იმ უწყებაზე, რომელსაც 2017 წლიდან მომავალი პრემიერი ხელმძღვანელობდა და რომელიც მუდმივად დეცენტრალიზაციის ერთ-ერთ შემაფერხებელ უწყებად სახელდება.

საექსპერტო და პოლიტიკური წრეები ერთხმად თანხმდებიან, რომ სწორედ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, კონფლიქტში არიან ადგილობრივ თვითმმართველობებთან და მათთვის ფინანსებისა და ქონების გადაცემას ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ ეს დამოკიდებულება კი სოფლებისა და ქალაქების გაღატაკების უმთავრესი ფაქტორია. ამიტომაც, როგორ დაიწყება და როგორ განვითარდება დეცენტრალიზაციის პროცესი მაშინ, როცა ეს ორი მთავარი უწყება დეცენტრალიზაციის იდეას არ იზიარებს, ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

ცოტა ხნის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ თბილისს პროექტების განსახორციელებლად თანხები არ ჰყოფნის და ფინანსთა სამინისტროს გათანაბრებითი ტრანსფერის გაზრდა სთხოვა. სამინისტრომ, რომელსაც იმხანად სწორედ ბახტაძე ხელმძღვანელობდა, ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისს ტრანსფერის სახით დამატებით 100 მილიონი ლარი მისცა. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ამ სამინისტროს პირველი პირი ფისკალური დეცენტრალიზაციის და ამით მუნიციპალიტეტებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენის ინიციატივით არასოდეს გამოსულა.

ფინანსთა ყოფილ მინისტრს და მომავალ პრემიერ ბახტაძეს დეცენტრალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ერთადერთხელ აქვს გაკეთებული, თუმცა, ამ კომენტარიდან პროგნოზის გაკეთება, თუ რას შეიძლება ველოდეთ მომავალში მთავრობისგან, განახორციელებს თუ არა რეალურად ფისკალურ დეცენტრალიზაციას, რაც ადგილებზე მეტი შემოსავლების, მეტი დასაქმების, მეტი ეკონომიკური ეფექტის მომტანი იქნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 2018 წლის მარტში მან თქვა, რომ ქვეყანა ორი უმთავრესი გამოწვევის წინაშე დგას – უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევის. “საქართველოს მთავრობის სტრატეგია იქნება, რომ უფრო მეტი ეკონომიკური ფოკუსი გადავიტანოთ საქართველოს რეგიონებზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ მივაღწიოთ ე.წ. ინკლუზიურ ზრდას”, – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მაშინდელი მინისტრი ბახტაძე ფისკალური დეცენტრალიზაციის დაწყების აუცილებლობას.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სამთავრობო პროგრამაში ვკითხულობთ, ქვეყნის რეგიონული განვითარების აუცილებლობაა. ახალ პროგრამაში ეს ჩანაწერიც ძველი სამთავრობო პროგრამიდან სიტყვასიტყვითაა გადმოტანილი. მომავალი მთავრობაც, წინა მთავრობის მსგავსად, გვპირდება, რომ განავითარებს რეგიონებს, აღმოფხვრის მათ შორის უთანასწორობას, დანერგავს ახალ, ინოვაციურ სისტემებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში რეგიონების როლის ზრდას განაპირობებს.

მიუხედავად ამ ჩანაწერისა, სამწუხაროდ, დღევანდელ მოსმენებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არც ამ მიმართულებით უთქვამს რამე და შთაბჭდილება იქმნება, რომ ეს ჩანაწერიც, დეცენტრალიზაციის ვალდებულების მსგავსად, წინა სამთავრობო პროგრამიდან უბრალოდ მექანიკურად არის გადმოტანილი.

ფაქტია, 2015 წლის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც “ქართული ოცნების” ერთ-ერთ უმთავრეს დანაპირებს წარმოადგენდა, დაპაუზებულია. დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე საუბარიც ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას საზოგადოების პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა. მაშინ თქვეს, რომ სტრატეგიას მოამზადებდნენ და პროცესსაც მალე დაიწყებდნენ, თუმცა, მას შემდეგ 1 წელზე მეტია გასული და ამ მიმართულებით ხელისუფლებას საზოგადოებისთვის არაფერი შეუთავაზებია.

ხვალ საკანონმდებლო ორგანო ახალ პრემიერს ნდობას გამოუცხადებს. ხვალიდან ქვეყნის მართვას 36 წლის ახალგაზრდა ფინანსისტი ჩაიბარებს. “ვერასდროს წარმოვიდგენდი საკუთარ თავს პოლიტიკაში, იმიტომ, რომ ეს არასდროს ყოფილა ჩემი ინტერესი”, – ეს არის საკვანძო ფრაზა, რომელიც მომავალ პრემიერ ბახტაძეს ეკუთვნის და რომელიც ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფინანსთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ თქვა.

შეძლებს თუ არა “პოლიტიკური ინტერესის არმქონე” პრემიერი, სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები,  უმთავრესი გამოწვევის – სიღარიბის დასაძლევად გაატაროს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები, მათ შორის, დაპირებული და ვერგანხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა, ამას მისი საქმიანობის პირველივე პერიოდი დაგვანახებს. და თუ 36 წლის მომავალ პრემიერს ქვეყნის ცენტრალიზებული მართვის მოდელი ისევე მიიზიდავს, როგორც 2003 წლიდან მოყოლებული, მის ყველა წინამორბედს, მისი პოლიტიკური მომავალიც ზუსტად ისეთივე აღმოჩნდება, როგორიც მათი, ვისი სახელებიც დღეს, შესაძლოა, სულაც აღარ გვახსოვდეს. ქვეყანა კი სიღარიბეში სულ უფრო მეტად ჩაიძირება.