შავი ზღვის უნივერსიტეტში თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე იმსჯელეს

832

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე იმსჯელეს.

დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა და მას, სტუდენტებთან ერთად, ექსპერტები და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების წინააღმდეგია.

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტებმა წარმოადგინეს ერთობლივი პოზიცია აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, მოკლედ მიმოიხილეს მოსალოდნელი ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რის შემდეგაც დისკუსიის სტუმრებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ სტუდენტები თვითმმართველი ქალაქების გაუქმების იდეას არ ემხრობიან და პირიქით, მათ უფრო მეტად გაძლიერებას ითხოვენ. დისკუსიაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტთა ნაწილმა გაამყარეს სტუდენტების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, თუმცა, სტუდენტებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ სხვა ექსპერტთა განსხვავებული მოსაზრებებიც.

დისკუსიისას, ასევე, იმსჯელეს თვითმმართველობის სხვადასხვა ფორმების ცვლილებების ისტორიაზე, სხვადასხვა ინსტიტუტების არჩევა-დაკომპლექტების წესსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს  მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კოკა კიღურაძემ, რეგიონის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლიზა სოფრომაძე და წარმომადგენელმა ნინო ლოლაძემ, ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა,  დავით მელუამ და ექსპერტმა თვითმართველობის საკითხებში, სანდრო სვანიშვილმა.