ვინ წარუდგინა მთავრობის წევრებად ბახტაძემ საქართველოს პარლამენტს (სია)

1526

წინა სტატია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის შემადგენლობა უკვე წარუდგინა. სიაში ამჯერად სულ სამი ახალი სახეა – ფინასთა მინისტრად წარდგენილია ნიკოლოზ გაგუა, რომელიც მანამდე ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრის, მამუკა ბახტაძის მოადგილედ მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრად წარდგენილია გიორგი ჩერქეზიშვილი, რომელიც ამავე სამინისტროში მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილე იყო, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანია წარდგენილი. ის მიხეილ ჯანელიძეს შეცვლის. რაც შეეხება მინისტრობის სხვა კანდიდატებს, ამ ეტაპზე ყველა მათგანი თავის თანამდებობას ინარჩუნებს.

ამჯერად, საკანონმდებლო უწყებამ ნდობა მთავრობის შემდეგ შემადგენლობას უნდა გამოუცხადოს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – მამუკა ბახტაძე; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ჩერქეზიშვილი; თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე; დევნილთა სამინისტრო – სოზარ სუბარი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი; ფინანსთა მინისტრი – ნიკოლოზ გაგუა; შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია; ჯანდაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი.

როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2-3 კვირაში პარლამენტს მთავრობის განახლებულ სტრუქტურას და შესაბამისად, ახალ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს. მისი თქმით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. ამიტომაც, მანამდე პარლამენტს ნდობის გამოცხადება ამ შემადგენლობისთვის მოუწევს.

ხვალ საპარლამენტო კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატების მოსმენები გაიმართება. ზეგ კი საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა გაიმართება.