გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი ნაცმოძრაობის წევრს გარიგებას სთავაზობს

823

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დავით მჟავანაძეს სთავაზობს, ოზურგეთში ამავე პარტიის ნაცემი დეპუტატის, ბესო ქათამაძის ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილეების მიმართ “კაცურად იმოქმედონ”.

რამიშვილი მჟავანაძეს სთავაზობს, საჩივარი არ დაწერონ, სანაცვლოდ კი ინციდენტში მონაწილეებს აცემინებს.

როგორც ცნობილია, ოზურგეთში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა, კერძოდ, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესიკ ქათამაძე სცემეს. ქათამაძის ინფორმაციით, მას “ქართული ოცნების” წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ტარიელ აროშიძეს ბრალი 16 ივნისს წარედგინა.

“ნაციონალური მოძრაობა” მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და აცხადებს, რომ ქათამაძე არა ერთმა, არამედ “ოცნების” მინიმუმ 5 დეპუტატმა სცემა.

იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა არ გაითვალისწინეს, დღეს დილიდან “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოზურგეთის საკრებულოს წინ საპროტესტო აქცია გამართა, ხოლო პარტიის წევრებმა და საკრებულოს დეპუტატებმა – დაზარალებულმა ბესიკ ქათამაძემ,  დათო მჟავანაძემ და თორნიკე გოგუაძემ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში შიმშილობა დაიწყეს. ოპოზიცია თავდასხმაში მონაწილე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

თავის მხრივ, “ქართულმა ოცნებამ” 16 ივნისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებები ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად.