პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის წინაშე ამჯერად მთავრობის ძველი სტრუქტურით წარდგება

780

წინა სტატია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინაშე ამჯერად მთავრობის ძველი სტრუქტურით წარდგება, 2-3 კვირაში კი – ახალს წარადგენს.

ბრიფინგზე, რომელიც მან ცოტა ხნის წინ “ქართულ ოცნებაში” გამართა, მომავალი მთავრობის შემადგენლობა არ დაასახელა. მხოლოდ ის თქვა, რომ ამჯერად პარლამენტის წინაშე ძველი სტრუქტურით წარდგება, 2-3 კვირაში კი – მთავრობის ახალი სტრუქტურითა და, შესაბამისად, ახალი შემადგენლობით.

ბახტაძის თქმით, მთავრობა 14-დან 11-მდე შემცირდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. ის იმედოვნებს, რომ ახალი სტრუქტურა კი 2-3 კვირაში ჩამოყალიბდება. ბრიფინგზე ბახტაძემ არ თქვა, რომელი სამინისტროების გაუქმებას გეგმავს და რომელ უწყებებს შეუერთდება ისინი, თუმცა, მან დაადასტურა, რომ განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან.

“ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება, სამწუხაროდ, კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როდესაც ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვსდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. ხოლო დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება ცვლილებები, ეს პროცედურა პარლამენტში – განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში, სესიაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დროის დაზოგვის მიზნით, მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში გავიაროთ, ხოლო სამთავრობო პროგრამისა და მინისტრთა კაბინეტის დეტალური განხილვა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოვახდინოთ, როდესაც პარლამენტის წინაშე წარსდგებიან უშუალოდ ის მინისტრობის კანდიდატურები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე. იმედი მაქვს, პარლამენტში ამ საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება შედგება“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერობის კანდიდატმა, ასევე, განაცხადა, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას.

“მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. ეს არის კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მას მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს საორიენტაციოდ ხარჯები ამ მიმართულებით გვექნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2 – 4,3 %. მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს 3, 9 %-ს. თანხაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში საშუალება მოგვეცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა – 100-120 მილიონი ლარის ფარგლებში მივმართოთ სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე. მე მინდა ხაზი გავუსვა, რადგან გარკვეულწილად არის არასწორი სტერეოტიპი დანერგილი, რომ მცირე ზომის მთავრობა აუცილებლად ნიშნავს მხოლოდ მცირე რაოდენობის სამინისტროებს. ეს უპირველესად ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს. შესაბამისად, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ამას დავაფიქსირებთ, თუ რა უნდა იყოს ზედა ზღვარი, რომელიც იქნება ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული და გამოთავისუფლებული თანხები რა მიმართულებებით დაიხარჯება. ეს ჩვენი შეხედულებით, პირველ რგიში უნდა მოიცავდეს სოციალურ მიმართულებებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძემ, ასევე, თქვა, რომ სამთავრობო პროგრამა უკვე მზად არის და ის პარლამენტში დღესვე შევა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. მან გადადგომის მიზეზად “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობა დაასახელა.

14 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დაასახელა.

კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთლიანი მინისტრთა კაბინეტის ავტომატურად გადადგომას იწვევს. ამ დროისთვის ყველა მინისტრი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. კანონით, ბახტაძეს 7 დღე აქვს ახალი მთავრობის წარმოსადგენად. მთავრობას კი, ასევე, 7 დღეში ნდობა საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს, რისთვისაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.