ოზურგეთის სასამართლომ საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა

710

წინა სტატია

ოზურგეთის სასამართლომ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრს, ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლე მარინა კიკნაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ გამოიყენა. სასამართლო პროცესს თავად დაზარალებული არ ესწრებოდა. აროშიძე კი წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს.

საქმე ეხება ოზურგეთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს. ქათამაძის ინფორმაციით, მას ადმინისტრაციულ შენობაში “ქართული ოცნების” წევრები, მათ შორის, ტარიელ აროშიძე, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ტარიელ აროშიძეს ბრალი 16 ივნისს წარედგინა.

“ნაციონალური მოძრაობა” მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და აცხადებს, რომ ქათამაძე არა ერთმა, არამედ “ოცნების” მინიმუმ 5 დეპუტატმა სცემა.

იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა არ გაითვალისწინეს, ხვალ “ნაციონალური მოძრაობა” ოზურგეთის პოლიციის წინ საპროტესტო აქციას გეგმავს. ოპოზიცია თავდასხმაში მონაწილე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

თავის მხრივ, “ქართულმა ოცნებამ” გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებები ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 აგვისტოს გაიმართება.