მარნეულის ინციდენტის 3 მონაწილეს სასამართლომ გირაო შეუფარდა

708

წინა სტატია

მარნეულის ინციდენტის კიდევ სამ მონაწილეს – საქართველოს პარლამენტის წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან”, აზერ სულეიმანოვს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ნათესავს, ე.გ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლომ 4-4 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდება გირაოს სახით 5-5 ათასი ლარის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

როგორც ცნობილია, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალად “მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირის მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა” ედება, რაც თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით ისჯება. სასამართლომ აბაზოვს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა, ასევე, დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის “ქართული ოცნებიდან”, რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ნათესავის მიმართ.