ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ცემის ფაქტზე საკრებულოს “ქართული ოცნების“ წევრს ბრალი წარედგინა

675

წინა სტატია

ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების” დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, დაშავებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

“გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს – ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს “ქართული ოცნებიდან”, ტარიელ აროშიძეს. საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – აცხადებენ შს სამინისტროში.