მაია ცქიტიშვილმა და ტაკეჰიკო ნაკაომ საქართველოში სატრანზიტო კორიდორის განვითარების მნიშვნელობა განიხილეს

645

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ საქართველოში სატრანზიტო კორიდორის განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილმა ტაკეჰიკო ნაკაოს საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რიკოთის საუღელტეხილო და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების მშენებლობის მნიშვნელობას.

უწყების ცნობით, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების და სხვა პროექტების დასაფინანსებლად 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

ADB-ის დაფინანსებით უკვე დასრულდა ქობულეთის შემოვლითი გზის და დაიწყო ბათუმის შემოვლითი გზის პროექტები. ასევე, დაგეგმილია ჩუმათელეთი-ხარაგაული-მოლითის შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია, რიკოთის მონაკვეთზე ხევი-უბისას სექციის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობა. ურბანული სერვისების განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომლის მოცულობა 500 მილიონი დოლარია, საქართველოს 13 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში კი მოსახლეობის წყალმომარაგებისა და წყალარინებით უზრუნველყოფის პროექტები მიმდინარეობს