აჭარაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია შეიქმნა

970

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეკომენდაციით, რეგიონში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია შეიქმნა.

კომისიის პრეზენტაციაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის დებულების პროექტი და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა ამავე საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა.

ჩხეტიას განცხადებით, უწყებათაშორის კომისიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს, მთავრობის, უმაღლესი საარჩევნო კომისიის, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შედიან.

უმაღლესი საბჭოს ცნობით, კომისიის მიზანი აჭარაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელება, პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური თანასწორობის გაძლიერებისთვის რეგიონულ უწყებებთან ღია, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, კომისიის პრეზენტაციაზე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, IFES-ის გენდერული პროექტების მენეჯერი ლადო მკერვალიშვილი, USAID-ის პროექტების მენეჯერი ხათუნა კუნჭულია, IFES-ის საქართველოს ხელმძღვანელი ქეთი მაისურაძე და ახლად შექმნილი კომისიის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე, კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლებმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის დებულებას მოაწერეს ხელი.