ქუთაისში უნიკალური ჯიშის, ძვირადღირებული პალმის ხე გახმა

1331

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე გაშენებული უნიკალური ჯიშის ძვირადღირებული პალმებიდან, ერთი ხე გახმა. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებულ ხეს ამოიღებენ, თუმცა როდის ჩანაცვლდება ახალი ხით, არ იციან. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ზამთრის სეზონზე ქუთაისში პალმები არ შეფუთულა. ქუთაისის მერიაში ამის მიზეზად ის თქვეს, რომ წინა წლებში სპეციალურმა შესაფუთმა მასალამ ხეები დააზიანა.

აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანი 2011 წელს მოაწყვეს. იმ დროისთვის “ვაშინგტონის” ჯიშის უნიკალური მცენარის 300 ძირი პალმა დაირგო. ასევე, მოეწყო მიწისქვეშა სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა სპეციალური ღამის განათება, დაიგო ფილები და მინდვრის საფარი. ხეივანში ქვის დეკორატიული ძელ-სკამები დადგეს, შეიცვალა მიმდებარე შენობების იერსახეც. პალმების ხეივნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 960 000 ლარი დაიხარჯა.