ქვეშის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას აშშ-ს მთავრობა დააფინანსებს

760

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ჩაუტარდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სკოლის დირექტორის ლელა ბიბილურის თქმით, ცოტა ხნის წინ საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც აცნობეს, რომ სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება.

ქვეშის საჯარო სკოლის შენობა ავარიულია. შედარებით უარეს მდგომარეობაშია სპორტული დარბაზი. სპეციალისტების გადაწყვეტილებით, ძველი სპორტული დარბაზი მთლიანად დაინგრევა. მის ნაცვლად კი, ახალი დარბაზი გაკეთდება.

სკოლის რეაბილიტაციას, 2017 წლის ოქტომბერში, განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით აპირებდნენ. თუმცა, ტენდერი აღარ გამოცხადდა.

2017 წლის ნოემბერში ქვეშის საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. ამის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვიტეს. 229 ბავშვიდან 82 მოსწავლე ქვემო არცევის დაწყებით სკოლაში გადანაწილდა. დანარჩენი 147 – გარეჯვრის სკოლაში.