გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს 10 სხდომიდან 8-ს არ დასწრებია

941

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, მას შემდეგ რაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, მე-6 მოწვევის საკრებულოს მიერ ჩატარებული 10 სხდომიდან 8-ს არ დასწრებია. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ქალაქის პირველი პირი წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ ორჯერ, 2017 წლის 27 დეკემბერს და მიმდინარე წლის 18 იანვარს მივიდა. მაშინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გიორგი ჭიღვარია მწვავედ გააკრიტიკეს, რის შემდეგაც იგი  საკრებულოში აღარ გამოჩენილა.

გიორგი ჭიღვარია არ დასწრებია არც იმ სხდომას, რომელიც მისთვის, როგორც ახლადარჩეული მერისთვის პირველი შეხვედრა უნდა ყოფილიყო დეპუტატებთან.

ოპოზიციის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ის არ ესწრებოდა ისეთ მნიშვნელოვან სხდომებს, სადაც დეპუტატები ახლადმიღებული ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის ცვლილებებს განიხილავდნენ. საკრებულომ მის გარეშე დაამტკიცა რეორგანიზაციის გეგმაც.

საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქალაქის პირველი პირი გაურბის დეპუტატებისგან მწვავე კრიტიკის მოსმენას და მათთან ურთიერთობას მედიის საშუალებით არჩევს.

ქალაქის მერის სხდომებზე მიუსვლელობა საკრებულოს უმრავლესობამ რამდენჯერმე იმ არგუმენტებით გაამართლა, რომ მერს მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, თუმცა, ამ არგუმენტების არ სჯერა ოპოზიციას და მიიჩნევს, რომ მერი დეპუტატების მიმართ უპატივცემულობას იჩენს.

ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ   გიორგი ჭიღვარია დაესწრო და დაესწრება  ყველა იმ სხდომას, სადაც ამის აუცილებლობა იქნება.