თბილისში, მშენებლობისას, კიდევ ერთი კლდე ჩამოიშალა

753

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის გაგრძელებაზე, კერძოდ, მინდელის ქუჩაზე, მშენებლობის პროცესში კლდე ჩამოინგრა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელშიც, ასევე, აღნიშნულია, რომ საძირკველში დგას წყალი, სამუშაოები კი კვლავ გრძელდება.

როგორც გამოცემა “კომერსანტი” წერს, საუბარია მრავაფუნქციურ კომპლექსზე, რომელსაც სამშენებლო კომპანია „Green Life“ ახორციელებს.

„ტფილისის ჰამქარის“ დაფუძნებლისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევა უკვე არაერთხელ დაფიქსირდა, რადგან ქალაქის მერია კვლავ არაეფექტიანად მუშაობს.

„პრობლემა ისაა, რომ მერია არ ითხოვს შესაბამის გეოლოგიურ დასკვნებს, ადგილზე არ მუშაობს ზედამხედველობის სამსახური და არ არსებობს გარემოზე ზემოქმედების რეალური დასკვნები.  შედეგად, ურბანული ქაოსი კვლავ გრძელდება. მსგავსი ფაქტი უკვე მერამდენეა. იგივე ხდება ჯიქიას ქუჩის ბოლოში, ასევე, ნინა ჟვანიას ქუჩაზე და ა.შ. სანამ დავით ნარმანია იყო დედაქალაქის მერი, ვრცელდებოდა მოსაზრებები, რომ მისი წასვლის შემდეგ პრობლემა მოგვარდებოდა, რელობა კი არ იცვლება“, – განმარტავს ელისაშვილი.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ფაქტის გამო კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდა და მშენებლობის ნებართვაც დროებით ჩამოერთვა. ირკვევა, რომ  სანამ კომპანია “Green Life“ კლდეს არ გაამაგრებს და შესაბამის საექსპერტო დასკვნას არ წარადგენს, მანამდე ადგილზე სამუშაოებს ვერ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მთის ფერდობი მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზეც ჩამოიშალა. ამ ტერიტორიაზე სასტუმროს კომპანია “ჯიდიჯი პალასი” აშენებს. ისიც, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 30 000 ლარით დაჯარიმდა.