რას ფიქრობენ მერები თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე

1065

რას ფიქრობენ მერები და საკრებულოს წევრები ხელისუფლების ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, შვიდ თვითმმართველ ქალაქს სტატუსი კვლავ გაუუქმდეს.

თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგენიძე და მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე თავიანთი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან. იდეა არ მოსწონთ, ასევე, მცხეთისა და თელავის საკრებულოებსაც, რომლებმაც საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს მოთხოვნით, არ გაუუქმონ ამ ქალაქებს თვითმმართველობა.

გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, ჯერჯერობით, ცენტრალური ხელისუფლებისგან ინიციატივის წარდგენას ელოდება და პოზიციის დაფიქსირებას მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს. რაც შეეხება ზუგდიდისა და ოზურგეთის მერებს, ირაკლი გოგოხიას და ბეგლარ სიორიძეს პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებიათ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მარტივად მისაღები ვერ იქნება. “თუ რეფორმამ გაამართლა და მოსახლეობისთვის სერვისის მიწოდება უფრო ხელმისაწვდომი გახდა, თვითმმართველი ქალაქები უნდა დარჩეს”, – ამბობს მურღულია.

როგორც ცნობილია, ხელისუფლება 7 თვითმმართველი ქალაქისთვის – ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, ახალციხისთვის, თელავისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას და მათ კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებში გაერთიანებას გეგმავს. შესაბამის წინადადებებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე ამზადებს.

თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე 29 მარტს 120-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება. პარალელურად, იმავე მოთხოვნით, თელავსა და ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ საკითხი განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა. პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში კი ამბობენ, რომ ქალაქების გაუქმებას მყარი არგუმენტები სჭირდება.