ზაურ ხალილოვი: თუ თემურ აბაზოვმა ჩათვალა, რომ მისი პირადი ღირსება შეილახა, სამართლებრივი გზები უნდა გამოეყენებინა

1018

თუ თემურ აბაზოვმა ჩათვალა, რომ მისი პირადი ღირსება შეილახა, მას სამართლებრივი გზები უნდა გამოეყენებინა, – ამის შესახებ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორმა ზაურ ხალილოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ხალილოვმა მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ფაქტის დროული გამოძიება. ამასთან, მისი შეფასებით მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად გამოიწვია დაუსჯელობის სინდრომის არსებობამ.

„ზოგადად, მსგავსი ფაქტები უნდა იყოს დასჯადი. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ აბაზოვმა ჩათვალა, რომ მისი პირადი ღირსება შეილახა, საკითხის მოსაგვარებლად სამართლებრივი გზები უნდა გამოეყენებინა. რაც შეეხება თვითონ პირს, რომელზეც მოხდა ძალადობრივი ქმედებები, ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, რომ თავდაპირველად ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და შემდეგ საკითხებზე განაწყენდა და დატოვა პარტია. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება და გარჩევები. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, ვიტყვი, რომ სახელმწიფო 28 წელია ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, არ ხდება დანაშაულზე დროული რეაგირება“, – განაცხადა ზაურ ხალილოვმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა. ამავე ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია პარლამენტის წევრის “ნაციონალური მოძრაობიდან”, აზერ სულეიამანოვის, მარნეულის საკრებულოს წევრის “ქართული ოცნებიდან”, რამინ ალახვერდიევისა და მარნეულის მერის ნათესავის წინააღმდეგ.