თელავში აგრარული მიმართულების ახალი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება

597

გერმანელი პარტნიორების ჩართულობით კოლეჯის გახსნის პერსპექტივაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტისა და GIZ-ის წარმომადგენლებმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. 

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, წამყვანი მიმართულება ღვინის წარმოებისთვის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის მომზადება იქნება. 

“ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბავარიის მევენახეობის სახელმწიფო ინსტიტუტთან აქტიურად ითანამშრომლებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-გერმანული მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე საქართველოში პროფესიული განათლების სამომავლო განვითარებასაც.

შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ გერმანელი პარტნიორები უახლოეს პერიოდში შეისწავლიან თელავის უნივერსიტეტის რესურსს, რისი გათვალისწინებითაც განისაზღვრება პროფესიული სასწავლების დაარსების სამოქმედო გეგმა და ვადები”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.