მარნეულის მერის გარდა, სამართლებრივი დევნა საკრებულოს წევრის მიმართაც დაიწყო

763

წინა სტატია

მოქალაქის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამართლებრივი დევნა მარნეულის მერთან, თემურ აბაზოვთან ერთად, კიდევ 3 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო. ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, რომ ეს 3 პირი დაკავებული არ არის. მათგან ერთ-ერთი მარნეულის საკრებულოს წევრია. დანაშაულის დეტალებსა და ამ პირთა შემხებლობაზე ვრცელი განცხადება 14:00 საათზე დაგეგმილ საგანგებო ბრიფინგზე იგეგმება.

მთავარმა პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დღეს დილით დააკავა.

სავარაუდოდ, აბაზოვი იმ ვიდეოკადრების გამო დააკავეს, რომლის მიხედვითაც, მარნეულში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც თბილისში, ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციაზე, ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ჯერ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი პროკურატურაში 12 ივნისისთვის იყო დაბარებული.

პროკურატურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144”’ მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დაიწყო.