მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან (ფოტოგალერეა)

1464

წინა სტატია

რეპორტაჟი მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ.

ავტორი: თინათინ ზაზაძე

ადიგენში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, რომელიც შუაგულ ტყეშია, ყავრით დახურული ათი ხის სახლი დგას, თუმცა აქედან ორი ცარიელია და მალე თითქმის ყველა დაიკეტება, ადგილობრივები მთაში წასასვლელად ემზადებიან.

ზღვის დონიდან 1 520 მეტრზე მდებარე სოფელ კიკიბოდან ყოველ ზაფხულს, საქონელი საბალახოდ შუახევის მთაში გადაჰყავთ. ამიტომ ახლა რვავე ოჯახში გასამგზავრებლად ემზადებიან. აქ ხის ორსართულიან სახლებში პირველ სართულზე თითო ოჯახს 15–20 სული ძროხა ჰყავს, მეორეზე კი თვითონ ცხოვრობენ. კიკიბოში თავს მესაქონლეობით ირჩენენ, ამიტომ პირუტყვის საბალახოდ ოჯახები სამი თვით სოფლიდან მიდიან.

15 წლის ირინა ჭელიძე მეცხრე კლასშია, იმის გამო, რომ მის უმცროს დასთან ერთად მთაში უწევს წასვლა, სასწავლო წლის დასრულებამდე მასწავლებელს ერთი კვირით ადრე გაეთავისუფლა. ახლა სოფლის წყაროზე ჭურჭელს რეცხავს და სოფლიდან გასამგზავრებლად ემზადება: „ქვაბები უნდა დავხეხო, დღეს მამა ჩამოდის თურქეთიდან, პროდუქტებს მოვიმარაგებთ და წავალთ“.

ირინა და მისი 14 წლის და მთაში სამი თვე დარჩებიან, გოგონებს ყოველდღიურად შვიდი ძროხის მოწველა და საჭმლის გაკეთება მარტო მოუწევთ, რადგან მშობლები კიკიბოში რჩებიან: „მეხუთე კლასიდან ვწველი ძროხებს, არც საჭმლის გაკეთება მიჭირს. მთაში კარტოფილს შევწვავ და წვნიანებს გავაკეთებ. იქ სახლები ახლოსაა ერთმანეთთან და არაფერია საშიში. ხუთი და–ძმა ვართ, ყველაზე პატარა და ხუთი წლისაა, ამიტომ დედ–მამა სოფელში მათთან უნდა დარჩეს“.

გასამგზავრებლად ემზადება ბროლი ბოლქვაძეც. ამბობს, რომ ეს პერიოდი განსაკუთრებით უყვარს, რადგან მთაში უფრო კარგ დროს ატარებს, ვიდრე სოფელში: „იქ პატარები თამაშობენ, დიდი გოგოები ყავას ვსვამთ–ხოლმე, ნამცხვრებს ვაცხობ. ისე ვოცნებობ, რომ ჟურნალისტი გავხდე, მაგრამ ამიხდება თუ არა არ ვიცი. ძალიან შორს ვართ ქალაქიდან, ავტობუსიც არ დადის არადა, მინდა რომ სწავლა გავაგრძელო“.

ბროლი 18 წლისაა. უკვე ერთი წელია თავსაბურავს ატარებს და მის მოხვევასაც გვასწავლის, თან გვიყვება, რომ თავსაფარს საკუთარი სურვილით იკეთებს და ძალიან მოსწონს: „პირველ რიგში ქართველი ვარ და მუსლიმი. თავსაფარს ჩემი დაც ატარებს“.

65 წლის დავით გობაძე სამი შვილიშვილის ბაბუაა, შვილის გარდაცვალების შემდეგ 37 წლის რძალთან ერთად პატარებზე თავად ზრუნავს. მან მთაში წასაღებად პროდუქტები უკვე იყიდა. ბრინჯი, მაკარონი, ზეთი და ყავა ჯერ მაგიდაზე უწყვია, მალე ამ ყველაფერს თავის ძველ „ვილისში“ ჩაალაგებს და მთაში წავა.

„ამ სოფელში ორი პრობლემა გვაქვს, ერთი ის რომ ცუდი გზაა და მეორე კი ისაა, რომ ტყიდან მასალის გამოსატანად ბილეთს არ გვაძლევენ. 12 ძროხა მყავს და ბოსელი ვერ დამიხურია ამ მთავრობის ხელში. იქნებ დაგვეხმაროთ და ეს ამბავი ქალაქამდე ჩაიტანოთ. სხვა კარგად ვცხოვრობთ 60 თეთრს მიხდიან ლიტრა რძეში“, – გვიყვება დავით გობაძე და ამატებს – „თქვენც წამოდით ჩვენთან ერთად, დაისვენეთ. იქ კარგი სახლი მაქვს, რკინის “ფეჩიც” და კიდევ სამი ბოსელი მაქვს. საქონელს დავაბინავებ და თქვენც სიამოვნებით გიმასპინძლებთ“.

დავითთან ერთად ემზადება მისი მეუღლე ნინა მარკოიძე. იგი ხულოდან კიკიბოში 39 წლის წინ გამოთხოვდა, ამბობს, რომ მკაცრ კლიმატურ პირობებს შეეგუა და ახლა თავს კარგად გრძნობს:“ მდიდარი სოფელია, ბალახიც ბევრია და თოვლიც“.

კიკიბოში ამბობენ, რომ მთაში ხუთშაბათს, ან პარასკევს უნდა წავიდნენ, თუ გასამგზავრებლად სხვა დღე შეარჩიეს, ის წელი კარგად არ წაუვათ: „ასე გვაქვს ოდითგანვე დაცდილი, ამიტომ სხვა დღეს სოფლიდან მთაში არავინ მიდის“.

შუახევის მთაში გარეკვამდე 15 ძროხას დალი ხარაბაძე სოფელში, ტყის ნაპირზე აბალახებს. 19 წლის იყო, როცა ხულოდან კიკიბოში გამოთხოვდა. ახლა ორი შვილი ჰყავს, უმცროსი რვა წლის რამინ გობაძე ერთადერთი მოსწავლეა, რომელიც კიკიბოს დაწყებით სკოლაში, რკინის ვაგონში სწავლობს, მეორე უფროსი გოგონა კი უკვე დერცელის ცხრაკლასიან სკოლაში გადავიდა.

„ასე იცის სიყვარულმა, ჩემი მეუღლე ტელეფონით გავიცანი და ერთ წელში ქორწილი გადავიხადეთ. ხან მე ვმწყემსავ ხან ჩემი ქმარი, ასეა ცხოვრება. მთაში რომ ხარ საქონელიც უნდა გყავდეს“, – ამბობს დალი.

ადიგენიდან სოფელ კიკიბომდე 22 კილომეტრია, აქ არც ავტობუსი დადის და არც მაღაზიაა. სოფელში მხოლოდ დაწყებითი სკოლაა, სადაც ერთი მოსწავლე ჰყავთ. სკოლის შენობის ავარიულობის გამო, დაახლოებით, ხუთი წელია გაკვეთილები რკინის ვაგონში ტარდება.

კიკიბოდან უახლოესი სოფელი დერცელი ხუთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. კიკიბოში განსაკუთრებით რთული პირობები ზამთარშია, ხშირად აქ 1.5 მეტრი თოვლი მოდის და რამდენიმე კვირით ცენტრალური გზაც იკეტება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირად მათ სოფელში სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც ვერ ახერხებს მისვლას.

2002 წლის საყოველთაო აღწერით სოფელში 86 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით ეს ციფრი 53–მდე შემცირდა. როგორც სოფელში ამბობენ, ორი თვის წინ კიკიბო კიდევ ერთმა ოჯახმა დატოვა და საცხოვრებლად წალკაში გადავიდა.