4 სოფელი სასმელი წყლის გარეშე დარჩება – ტყიბულში გრანიტის ქვის მოპოვებას აპროტესტებენ

737

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭყეპის, ჯონიისა და კოკის მოსახლეობა საჭურიის გორაზე გრანიტის ქვის მოპოვებას ეწინააღმდეგება. მთაში, რომელსაც ტყიბულელები ნაბეღლავის გორას ეძახიან, სასმელი წყლებია, რომლითაც ოთხი სოფელი მარაგდება. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ამ ქვების ამოღება წყლის სრულ დაკარგვას გამოიწვევს.

მათ პრობლემის შესახებ წერილობითი განცხადებები და საჩივრები შესაბამისი უწყებებისთვის და პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე დაწერილი აქვთ.

გრანიტის ქვის მოპოვების დაყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით ადგილობრივები საპროტესტო აქციებს მუდმივად მართავენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოში ტყიბულელებს ეუბნებიან, რომ არსებული სიტუაციის შეფასების მიზნით მიმდინარე წლის 18 აპრილს სააგენტოს სპეციალისტები, ტყიბულის მერის პირველ მოადგილე გიორგი ლომთაძესთან ერთად, განმეორებით იმყოფებოდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილზე.

“გეოლოგიურ ფონდებში დაცულ მასალებზე დაყრდნობით და სააგენტოს სპეციალისტების აზრით, სამთო საქმის წესებისა და ნორმების დაცვით, მოპოვებითი სამუშაოების წარმოებამ ბურღვა-აფეთქებითი მეთოდის გამოყენების გარეშე, არ უნდა გამოიწვიოს წყაროების დაშრობა და წყლის ხარისხის გაუარესება”, – ამბობს წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი, მაია ზავრაშვილი.