საქართველოში არსებული გერმანული კოლონიების კვლევა-ინვენტარიზაცია გრძელდება (ფოტო)

2721
გერმანულთა დასახლება, ელიზაბეტთალი 1818 (თეთრიწყაროს სოფელი ასურეთი)

2017 წელს საქართველოში პირველი გერმანული კოლონიების (შვაბური დასახლებების) დაფუძნებიდან 200 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით UNESCO-მ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანში 2017-2018 წლები საიუბილეო თარიღად გამოაცხადა.

საქართველოში გერმანელთა ჩამოსვლა რუსეთის იმპერიის ხელშეწყობით 1817 წლიდან იწყება. მათი უდიდესი ნაწილი ვიურტემბერგელი შვაბები იყვნენ, რომლებმაც კოლონია დაარსეს ქვემო ქართლში, სოხუმსა და თბილისთან ახლოს, აგრეთვე დღევანდელ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სტალინის ბრძანებით საქართველოდან 23 580 გერმანელი ყაზახეთში გადაასახლეს. რეპრესიების დასრულების შემდეგ გერმანელების მცირე ჯგუფი საქართველოში დაბრუნდა და 1956 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში კოლონია ნოი-ბოტანიკა დააარსა.

გერმანელთა კოლონიები დღემდე შემოგვრჩა და ყველა მათგანი შეუცვლელი ღირებულების მემკვიდრეობას წარმოადგენს მულტიკულტურული და მრავალეთნიკური საქართველოსთვის.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მეორე წელია ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გერმანული კოლონიების ისტორიული დასახლებების, მათი ურბანული ქსოვილის, საკულტო და საერო, მათ შორის საზოგადოებრივი, ინდუსტრიული თუ საცხოვრებელი არქიტექტურის უნიკალური ნიმუშების კვლევა-ინვენტარიზაციის ფართომასშტაბიან პროექტს. პროექტის მთავარი პარტნიორია „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი“.

2016 წელს ჩატარდა თეთრიწყაროს, წალკის, მანეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ასევე თბილისში დიდუბის რაიონის არეალში არსებული ისტორიული ნაგებობების კვლევა-დოკუმენტირება.

2017 წელს ინვენტარიზაცია ჩატარდა მარიენფელდში, პეტერსდორფსა და ფროიდენტალში (ახლანდელი სართიჭალა, გარდაბნის მუნიციპალიტეტი), ნოიტიფლისში (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები) და ნოიბოტანიკაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. კალინინოს თემი ბოტანიკა).