მცხეთის სოფლებში გზებისა და სანიაღვრეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1189

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მშენებლობა – ორმოული ამოვსება, სანიაღვრეების მოწესრიგება, მოშანდაკება და ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, ზოგიერთ სოფელში უკვე დასრულებულია სამუშაოები, ნაწილში კი ახლაც მიმდინარეობს.

“ამჯერად საუბნო გზები სოფელ ძეგვში კეთდება. სოფელ ხეკორძში კი მისასვლელი გზის დაგების პირველადი სამუშაოები დასრულებულია და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული 2 კმ-ის სიგრძის გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება”,-აცხადებენ მერიაში.

აღნიშნულ სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც შპს ,,Georgian build”-ი აწარმოებს, ზედამხედველობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევს.

ხეკორძის გზის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მცხეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ამსათან, გამოცხადებულია ტენდერი ქალაქ მცხეთაში ჯავახიშვილის და იბერიელის ქუჩების ჩიხების გზების ასფალტო-ბეტონის საფარის მოსაწყობად.

ასევე, ტენდერები უკვე გამოცხადებულია ახალსოფლის შიდა გზის, საგურამოში ატმიანის დასახლებისა და გმირის უჩის, გალავანი-წინამძღვრიანთკარი-ბიწმენდი-ჯიღაურა-საგურამოს დამაკავშირებელი გზის, მცხეთა-შიომღვიმის მეოთხე კმ-იდან წმ. დიმიტრი ტესალონიკელის მონასტერთან და წმ. გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის.

“მიმდინარეობს ნატახტარ-მისაქციელის გზის და ლისი-წოდორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება. გზათა სამუშაოები უახლეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლოსთვის აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით შეძლებს გადაადგილებას”,-განმარტავენ მერიაში.