თელავში კერამიკის გამოსაწველი აღმოაჩინეს, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება

618

თელავში, ერთ-ერთი კერძო პირის სასტუმროს მშენებლობის დროს, საძირკვლის გვერდით კერამიკის გამოსაწველი ქურა აღმოაჩინეს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ვახტანგ გაგნიძის თქმით, ქურა, სავარაუდოდ, მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებისაა.

„კერამიკის გამოსაწველი ქურა ქალაქ თელავის ძველი სასფლაოს მოპირდაპირედ აღმოაჩინეს, სადაც ერთ-ერთი კერძო პირის სასტუმრო შენდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შეისწავლიან ქურას. ძველად, ამ ადგილას ყოფილა ტყით დაფარული დაუსახლებელი ტერიტორია და სრულიად შესაძლებელია, რომ აქ ასეთი სამრეწველო დანიშნულების სახელოსნო ყოფილიყო“, – თქვა ვახტანგ გაგნიძემ.

მისივე ინფორმაციით, ეს თელავში კერამიკის გამოსაწველი საამქროს აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.