ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური პროექტი დაიწყო

625

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ახალი სოციალური პროექტი დაიწყო, რომელიც უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ინიციატივის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაა.

პროგრამის ფარგლებში, დღეს გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ახალდაბაში მცხოვრები ოჯახები მოინახულა.

მათივე ინფორმაციით, აუცილებელი საჭიროებების მოსაგვარებლად მათ უკვე გაეწიათ ფინანსური დახმარება. დღეს კი, პირველადი მოხმარების ნივთები და ტანისამოსი გადაეცათ. ამასთან, ოჯახებმა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების მიზნით, გამგებლისაგან კონკრეტული დაპირებებიც მიიღეს.

გამგეობის სოციალური სამსახური ეტაპობრივად გააგრძელებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათი პრობლემების ადგილზე გაცნობას, რომლებსაც საჭიროებისამებრ გაეწევათ დახმარება.

წყარო: ინტერპრესნიუსი