რამდენ ლარს დახარჯავს მერია “ახალციხელობის”დღესასწაულისთვის

710

ახალციხის მერიამ, “ახალციხელობის” დღესასწაულის ორგანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 16 ივნისს დასრულდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

წმინდანისა და ეროვნული გმირის, შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 30 ივნისს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება. ტექნიკური მომსახურებისა და ღონისძიების ორგანიზებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერს 41 826 ლარზე აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა კომპანიამ, სრული ღონისძიება, 12:00–დან 22:00 საათამდე, შემოქმედებითად და ტექნიკურად (გახმოვანების და განათების აპარატურით) უნდა უზრუნველყოს.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: სცენის მოწყობა, განათება; ცნობილი ქართული მაღალი რეიტინგის მქონე მუსიკალური ბენდებისა და მომღერლების მოწვევა/ტრანსპორტირება; სიგელებისა და მედლების დამზადება სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეებისა და საპატიო ახალციხელებისათვს; ტრადიციული მესხური სამზარეულო კუთხის მოსაწყობად პროდუქტების შეძენა; სავაჭრო- სადეგუსტაციო კუთხეების მოწყობა; ფეიერვერკის მომზადება/გაშვება.

ტენდერში მონაწილეობისათვის წინადადებების მიღება 8 ივნისს დაიწყო და 16 ივნისს დასრულდება.