დმანისის სოფელ სარკინეთში კოლეჯს და საცხოვრებელ კამპუსს ააშენებენ

837

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“, შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით არანაკლებ 10 მოსწავლეზე გათვლილ კოლეჯს და საცხოვრებელ კამპუსს ააშენებს. კოლეჯი სპეციალიზირებული იქნება მეცხოველეობასა და რძის გადამუშავებაში. პროექტის მიხედვით მოეწყობა ფერმა და აგრო-ტექნიკის ფარეხი. ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს.

კოლეჯის ასაშენებლად „შვეიცარიული აგრარული სკოლა-კავკასიას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ სარკინეთში მდებარე 20 427კვ.მ. სახელმწიფო ქონება საკუთრებაში გადასცა. კომპანია 350 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ კოლეჯში სასწავლო პროგრამა იქნება შვეიცარიული აგრარული სკოლების პროგრამის იდენტური და დაფუძნებული იქნება დუალური სწავლების პრინციპებზე. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ცოდნა მიიღონ მეცხოველეობაში, კვების მენეჯმენტში, რძის გადამუშავებასა და ყველის წარმოებაში.