ზუგდიდის საკრებულო ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევის ორ ფაქტს შეისწავლის

650

ზუგდიდის საკრებულოში მოქმედი იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია სოციალურ ქსელში დეპუტატების მხრიდან ეთიკის ნორმების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლას იწყებს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

პირველ შემთხვევაში საქმე ეხება უმრავლესობის წევრ სალომე ფაცაციას, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს სამოქალაქო აქტივისტ ეგნატე შამუგიას, რაც რუსეთში მომუშავე ბიზნესმენსა და პუტინთან დაახლოებულ მიხეილ ხუბუტიაზე საუბარს მოჰყვა.

მეორე შემთხვევაში კომისია დაინტერესდა ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძის მიმართვის ფორმით, თუ როგორ მოიხსენიებს ის „ფეისბუკში“ განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაიას და მერიის ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროს დავით შამათავას.

ოპოზიციონერი დეპუტატი გამოეხმაურა ამ ორი პირის მიერ ერთი და იგივე ვიდეოს გაზიარებას, სახელწოდებით „ისინი ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას”. ვიდეოში საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.

ნაციონალი ანა წითლიძე წერს, რომ, „ახალი თაობის ქოცებმა, გუგულიზე და მეჭიაურზე ცოტათი უკეთესები რომ ჰგონიათ თავი“, დავალება მიიღეს ამ ვიდეოს გამოქვეყნების საკუთარ გვერდზე.

„უსამართლო სისტემის შემოქმედნი მოითხოვენ ხელისუფლების გადადგომას. არა ნაც ჯალათებს, – ამ შინაარსის ტექსტთან ერთად აქვეყნებს კადრებს ეკატერინე კიფაია სოციალურ ქსელში. დავით შამათავა კი ამბობს, რომ „უბრალოდ უნამუსობაა“, როცა ეს ხალხი ძალადობასა და უკანონობაზე საუბრობს.

„ახლა მართლა ცივი წყალი დალიე ანა“, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატის პოსტის ქვეშ კიფაია ღიმილის გამომხატველი ნიშნის თანდართვით და მადლობას უხდის მას, დილიდან „ასე გახალისებისთვის“.

„კიდევ ჩვენ თუ გაგახალისებთ, თორემ ისეთების გაზიარების დავალებებს იღებ დილიდან, შემეცოდე (ღიმილი) ცუდი რამეა მონობა“, – პასუხობს მას ანა წითლიძე და ურჩევს უმრავლესობის წარმომადგენელს, მეტი წიგნი იკითხოს, რადგან ეს სჭირდება, და რომ წიგნის კითხვა სულაც არაა „სელფის გადაღება“.

თავად ეკატერინე კიფაია ამბობს, რომ საჯარო სივრცეში მსგავსი მიმართვის ფორმები შეურაცხმყოფელია. მისი თქმით, არავის მონა არ ყოფილა და არც იქნება. რაც შეეხება წიგნის კითხვის კონტექტს, განმარტავს – მსგავსი მოხსენიებაც ღირსების და პატივის შემლახველია.