ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

724

ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრებლები თვითმმართველობას გზისა და საკანალიზაციო არხის მოწესრიგებას, ასევე, ბავშვებისთვის სკვერის გაკეთებას სთხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხეში, ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხს კანალიზაცია უერთდება, ამიტომ განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხელა გარეთ გასვლა შეუძლებელია.

„ამ საშინელ სუნში ბავშვები საათებს ატარებენ. სავარაუდოდ, რვასართულიანების მცხოვრებლებს კანალიზაცია გაეჭედათ, შემდეგ გათხარეს, ჩვენ სანიაღვრე არხს შეუერთეს და ამ საშინელი სუნით გვწამლავენ“, – ამბობს ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრები ალინა ფეიქრიშვილი.

ხანძთელის ქუჩზე მცხოვრებლები მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხთან ერთად დაზიანებულ გზაზეც ჩივიან. აქ ასფალტის საფარის ნაწილი გადათხრილია, რის გამოც მოძრაობა ,მით უფრო ღამით, არც ფეხით და არც ტრანსპორტით უსაფრთხო არაა.

ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად უბანში სკვერის მოწყობასაც ითხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლებს არა ერთხელ აცნობეს.

„წინაtსაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზოია ბალიაშვილს ჩვენთან შეხვედრაზე რომ იყო, ამ პრობლემების შესახებ ჩვენი ხელმოწერებით თანდართული წერილი პირადად გადავეცი, მაგრამ ამის შემდეგ ის აქ აღარ გამოჩენილა და არც ამ საკითხების მოგვარებას დაადგა საშველი“, – ამბობს ალინა ფეიქრიშვილი.

ახალციხის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ზოია ბალიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი სახის წერილები წინა საარჩევნო პერიოდში ბევრი მიიღო, არჩევის შემდეგ კი ამ წერილებში აღწერილი პრობლემების მიხედვით თვითმმართველობამ მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა გაწერა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში კი ამბობენ, რომ შიდა ქუჩების მოასფალტება ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს და მის ფარგლებში ხანძთელის ქუჩაც მოწესრიგდება: „ამ დასახლებაში მოეწყობა სკვერიც, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს“.

რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემას, მერიაში აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ უკვე შეატყობინეს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწერიგება მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვთ.

„ახალციხეში წყალარინების სისტემა ამორტიზირებული და მოძველებულია. კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. თანხების მოსაძიებლად კი აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორებთან“, – ამბობს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ თათარაძე.