საგარეჯოში 18 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

1980

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.

როგორც საგარეჯოს მერმა განაცხადა, პროექტების ფარგლებში მარჯანიშვილის, მამისაშვილის, ჩოლოყაშვილის, თავისუფლებისა და ლესელიძის ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდება, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 332 500 ლარი დაიხარჯება. გიორგი ერბოწონაშვილის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროექტების განსახორციელებლად 17 500 ლარია გამოყოფილი.

,,დაგეგმილია საფეხბურთო სტადიონისა და საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაციაც. ორივე მიმართულებით, მთლიანობაში, 533 412 ლარია გათვალისწინებული.

კაკაბეთში მოეწყობა სასმელი წყლის ქსელი, მოასფალტდება ვერხვიანისა და ყანდაურის დამაკავშირებელი გზა, რომლისთვისაც, მთლიანობაში, 198 000 ლარია გათვალისწინებული.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით იგეგმება: საგარეჯო-ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე არსებული გარეგანათების ნათურები შეცვლა ე.წ. ლედ-განათების ნათურებით. პროექტის ღირებულებაა 35000 ლარია.

ასევე, სოფელ გიორგიწმინდაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება 40 000 ლარი;

ქალაქ საგარეჯოსა და სოფელ ნინოწმინდაში სანიაღვრე არხების მოსაწყობად გათვალისწინებულია 35 000 ლარი;

სოფელ წყაროსთავში მოეწყობა ჭაბურღილი, რომლის ღირებულება 25 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სოფლის მაცხოვრებლებს პრობლემებს მოუხსნის”,- განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.