ირაკლი კობახიძემ არ დააკონკრეტა, გაუუქმდება თუ არა ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი

824

ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომლის შესახებაც ზუგდიდში გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე ყველაზე მეტი კითხვა დაისვა და აუდიტორიამ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯეს” წარმომადგენელი ეგნატე შამუგია დაინტერესდა, უნდა გაუუქმდეს თუ არა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ზუგდიდს. ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან არ მიუღია. კობახიძის განმარტებით, მთავრობა ამზადებს წინადადებებს და მათ უნდა მოუსმინონ. სწორედ ამის შემდეგ ექნება საშუალება კითხვას კონკრეტულად უპასუხოს.

ეგნატე შამუგიას კიდევ ერთი კითხვა ჰქონდა, თუ რატომ არ უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ მერი და გამგებელი პირდაპირი წესით აირჩიონ და რატომ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ ორგანულ კანონს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ 2014 წელს შემოიღო მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა და ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.

“რაც შეეხება კონსტიტუციის დონეზე ამის დაკონკრეტებას, ეს სხვადასხვა მიზეზის გამო იყო შეუძლებელი. ლინგვისტურადაც კი შეუძლებელი იყო, იმიტომ, რომ შეიძლება იყოს აღმასრულებელი ორგანო და მისი ხელმძღვანელი, რომელიც ვერ იქნება პირდაპირი წესით არჩეული. მაგალითად, თბილისის შემთხვევაში ასეთი ორგანოა მთავრობა, გამგეობა, რომლის ხელმძღვანელები არ აირჩევიან მოსახლეობის მიერ. იყო სხვადასხვა სახის სირთულეები, რომლის გამოც ასეთი ცვლილებები ვერ შევიდა კონსტიტუციაში. რასაც ქვია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ძალაში რჩება და მერები და გამგებლები კვლავაც იქნებიან არჩეული პირდაპირი წესით”, – განმარტა მან.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, ირაკლი კობახიძის თქმით, თავის დროზე მიღებული ეს გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა კონკრეტულ სოციალურ-ეკონომიკურ გათვლებს, ამიტომაც, თუ დღეს რაიმე გადაისინჯება ადმინისტრაციული კუთხით, ეს მხოლოდ სიღრმისეული მსჯელობის საფუძველზე უნდა მოხდეს.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ თვითმმართველი ერთეულების გაუქმებაზე არც ერთ დონეზე საუბარი არ ყოფილა და ეს საკითხი სწორედ პარლამენტში უნდა გადაწყდეს. თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით, რაიმე წინადადებების დოკუმენტი მათ ამ დრომდე არ მიუღიათ. ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ თვითმმართველობის რეფორმა გაგრძელდება მხოლოდ უკეთესი მიმართულებით. “ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ”, – განმარტა მან.

შეხვედრაზე, ასევე, დაისვა კითხვა, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ხომ არ გამოიწვევს გამოთანაბრებითი ტრანსფერის და რეგიონული ფონდების შემცირებას. ირაკლი კობახიძის თქმით, არც ერთ შემთხვევაში არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა იქნეს მიღებული, მათ შორის, ზუგდიდის მოსახლეობის ხარჯზე. ის ტრანსფერი და რესურსები, რომელიც ზუგდიდისთვისაა განკუთვნილი, ადგილზე აუცილებლად უნდა დარჩეს – ეს უნდა იყოს აუცილებელი წინაპირობა ნებისმიერი გადაწყვეტილების.

თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული საკითხის ირგვლივ დასმული კითხვების საპასუხოდ თქვა, რომ ის ძლიერი თვითმმართველობის მომხრეა და მხარს დაუჭერს იმ მოდელს, რომელიც რეალურად ამ შედეგს დადებს.

ქალაქ ზუგდიდში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მოეწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობების წარმომადგენლები და მოქალაქეები.

წყარო: ლაივპრესი