გუდიაშვილის მოედნის “გამხელილი საიდუმლო” – ახლად ნაპოვნი არქეოლოგიური ნაშთები (ფოტოგალერეა)

3522
სარდაფში გამოვლენილი არქეოლოგიური ფენები

გუდიაშვილის მოედანზე, რომლის რეაბილიტაციაც ცოტა ხნის წინ დაიწყო, არქეოლოგიურ ნაშთებს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად პოულობენ. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას “ტფილისის ჰამქარი” თავის facebook-გვერდზე აქვეყნებს.

გუდიაშვილის ისტორიული მოედნის არსებობის ყველაზე ძველი დოკუმენტი 1785 წლის ქალაქის გეგმაა, რომელიც ალექსანდრე პიშჩევიჩმა ერეკლე მეორის დროს შეადგინა. ამ რუკაზე დღევანდელი გუდიაშვილის მოედანიცაა დატანილი.

მანამ, სანამ მოედანს ოფიციალურად სახელი მიენიჭებოდა, მას, იქვე მდგარი ღვთისმშობლის სომხური ეკლესიის გამო, მოღნისის სახელით მოიხსენიებდნენ. მოედანს, ასევე, ეძახდნენ კოლორთაღს, ანუ ყლორთაღს, ეს სახელები მას დღემდე აქვს შემორჩენილი.

1828 წელს, გენერალ პასკევიჩის მიერ ქალაქ აბას-აბადის აღების აღსანიშნავად, მოედანს აბას-აბადის მოედანი ოფიციალურად ეწოდა. ეს სახელი მას 1923 წლამდე შემორჩა, შემდეგ კი ბოლშევიკებმა მოედანს ბოლშევიკ სტეფანე ალავერდოვის სახელი უწოდეს.

მოედანს საბოლოოდ სახელი 1988 წელს შეეცვალა და მას, ისევე, როგორც აქ არსებულ სკვერს, ლადო გუდიაშვილის სახელი მიენიჭა.

მოედნის გარშემო 11 შენობა დგას, რომელთაგან 9 ისტორიული მნიშვნელობისაა. მათგან ყველაზე გამორჩეული მოედნისა და ლერმონტოვის ქუჩის კუთხეში მდგომი სახლია, რომელშიც გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქცია იყო განთავსებული. მანამდე, 2 საუკუნით ადრე, ამ შენობაში იყო რუსული არმიის შტაბი, შემდეგ ჰაუპტვახტი და ოფიცერთა სასტუმრო, რომელშიც 1838 წელს ლეიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკის კორნეტი მიხეილ ლერმონტოვი ცხოვრობდა. სწორედ ამიტომაც მიენიჭა ლერმონტოვის ქუჩას მისი სახელი.

გუდიაშვილის მოედანს, რომელიც რეაბილიტაციას მართლაც საჭიროებდა, 2007 წელს ძველი თბილისის გამგეობამ რეკონტრუქცია ჩაუტარა, თუმცა, აქ განხორციელებულმა სამუშაოებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა და მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. “დაიცავი გუდიაშვილი!” – ამ ლოზუნგით მოედნის სკვერში რამდენიმე თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებიც მიმდინარეობდა.

“2007 წელს მოხდა გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობების გამოსყიდვა, მაგრამ სარეაბილიტაციო პროექტი დღემდე არ განხორციელებულა და არც სხვა რაიმე ქმედება ამ შენობების შენარჩუნების და მდგომარეობის კონსერვაციის თვალსაზრისით. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ეს შენობები, 2007 წელთან შედარებით, ბევრად მძიმე მდგომარეობაშია”, – ამბობდნენ უკვე 2012 წელს “ჰამქრელები” და მოითხოვდნენ, რომ იქ არსებული შენობების რესტავრაცია ძეგლთა დაცვის საერთაშორისო მეთოდოლოგიის სტანდარტების მიხედვით განხორციელებულიყო.

2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას, მერობის მაშინდელ კანდიდატ დავით ნარმანიასა და “ტფილისის ჰამქარს” შორის გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მემორანდუმიც გაფორმდა, თუმცა, 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ მოედნის შენარჩუნებისა და აღდგენის (კონსერვაციის) გეგმაზე მუშაობა მოხერხდა, ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია კი 2018 წლის მარტში დაიწყო.

გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.