დავითულიანი: საკრებულოს უმრავლესობას IRI-ის კვლევის რამდენიმე ნაწილზე შეკითხვები აქვს

889

8 ივნისს თბილისის საკრებულოში IRI-ის კვლევის თბილისის ნაწილის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ფრაქციის სხდომაზე თქვა.

ბექა დავითულიანის თქმით, კვლევის პოლიტიკურ ნაწილზე, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, საკრებულოს უმრავლესობას შეკითხვები აქვს. კერძოდ, ცესკო-ს და პოლიციის საქმიანობის ნდობის საკითხის ნაწილში, რომელიც 2012 წლის კვლევაში უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს.

„ამ კვლევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, უკვე გამოქვეყნდა მისი პოლიტიკური ნაწილი, რომელიც არ ასახავს რეალურ სურათს. ეს შეკითხვები ხვალ აუცილებლად იქნება დასმული. IRI-ის საქართველოს წარმომადგენლობა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს კვლევებს, რომ მათ მიმართ არ გაჩნდეს ნიჰილიზმი და უნდობლობა, ეს არ შედის არც ჩვენს და არც ამ ორგანიზაციის ინტერესებში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება უკვე გამოქვეყნებული კვლევის თბილისის ნაწილს, ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, საკრებულოს უმრავლესობას ამ ეტაპზე კითხვები არ აქვს.