კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს

საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. ონფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, მიხეილ გიორგაძემ საზოგადოებას დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2014 წელს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელი ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ დროისათვის ხორციელდება რამდენიმე ათეული შენობის რეაბილიტაცია.

„სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის I კორპუსს, ინტენსიურად მიმდინარეობს ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქ. N-22- ში თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია, ახალი შენობა ექნება თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრს (ყოფილი ‘’რკინიგზელთა კულტურის სახლი“), მიმდინარეობს თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ახალი შენობის მშენებლობა და ისტორიული შენობის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ასევე უმჯობესდება ინფრასტრუქტურული პრობლემები თბილისისა და რეგიონების 20 თეატრში.

ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურული პრობლემები ასევე მოგვარდა 6 სახელოვნებო სასწავლებელში, მათ შორისაა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

18 მუზეუმში უმჯობესდება ინფრასტრუქტურული საკითხები, მათ შორის – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი.

სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული საკითხების გაუმჯობესება იგეგმება საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და საქართველოს მწერალთა სახლში. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის შენობის საკითხის მოგვარება, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის თეატრალური მინიქალაქის მოწყობა, ვ.ჭაბუკიანის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელისთვის და ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლია „ნიჭიერთა ათწლედისთვის“ შენობის გამოყოფა.

„ბოლო წლების განმავლობაში სპორტის მიმართულებით, ქვეყანამ წამოიწყო ინფრასტრუქტურის უპრეცედენტო მშენებლობა. უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში გაიხსნება მრავალფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის 3 სასახლე რეგიონებში – გორში, თელავსა და ბათუმში. დასასრულს უახლოვდება თბილისსა და გორში ფეხბურთისა და რაგბის სრულიად ახალი 10 სტადიონის მშენებლობა. ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით საქართველოს 9 ქალაქში გვაქვს თანამდეროვე სტანდარტების 15 სარაგბო ბაზა 23 სტადიონით,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას აგრძელებს თბილისსა და რეგიონებში.

„უახლოეს მომავალში იგეგმება ყინულის სასახლის, ჭიდაობის სახლის, სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის, მძლეოსნობის მოედნის, სამთო-სათხილამურო სპორტის საზაფხულო სავარჯიშო დარბაზის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტისა და სპორტული კოლეჯის მშენებლობა – რეაბილიტაცია. გადაიხურება თბილისში მდებარე ოლიმპიური აუზი, რის შემდეგაც აუზზე შესაძლებელი იქნება ვარჯიში ზამთრის პერიოდშიც, ასევე ვაგრძელებთ გარე სავარჯიშო მოწყობილობების დამონტაჟებას რეგიონებში.

გარდა ამისა, დაგეგმილია კულტურული და სპორტული ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შენობების ფასადების კეთილმოწყობა და ადაპტირება შშმ პირებისათვის,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები