ცქიტიშვილი: ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობას 2021 წლისთვის დავასრულებთ

828

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, უმსხვილესი ამერიკული კომპანია Bechtel-ის წარმომადგენლებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

,ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებს ვახორციელებთ. 2021 წლისთვის  ვგეგმავთ სივრცითი მოწყობის პროგრამით გათვალისწინებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების დასრულებას. ზაფხულში გამოვაცხადებთ ტენდერებს რიკოთის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთებზე.

პროექტების მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, დაინტერესებული ვართ ვითანამშრომლოთ მაღალი სტანდარტის გამოცდილ კომპანიებთან, რათა მივიღოთ ხარისხიანი საგზაო ინფრასტრუქტურა“-  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ირაკლი ქარსელაძემ, კომპანიის წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის, ქვეშეთი-კობის, რუსთავი-წითელი ხიდის, ალგეთი-სადახლოსა და  ფოთის ხიდის პროექტების შესახებ.

აღსანისნავია, რომ ამერიკული კომპანია Bechtel 1898 წელს დაარსდა და საინჟინრო-სამშენებლო მიმართულებით მუშაობს. კომპანია, რომელიც წელს უმსხვილეს ამერიკულ კომპანიად დასახელდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს 160 ქვეყანაში ასრულებს, მათ შორის – ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში. Bechtel – მა საქართველოში უკვე განახორციელა რამდენიმე პროექტი ენერგეტიკის სფეროში.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩქაროსნული ავტომაგისტრალების დასრულებას 2020 წელს გეგმავდა.