შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის წესში ცვლილებები შევიდა

898

“შეაღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 139-ე განკარგულებაში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ bm.ge წერს.

როგორც “სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის” მენეჯერმა ნიკა ქავთარაძემ თქვა, ეს ცვლილებები ადგენს წესებს, რომლებიც საწარმოს ამოქმედების ვადას განსაზღვრავს.

“როდესაც ბენეფიციარს გაუფორმდება ხელეშეკრულება, ამის შემდგომ, პროექტის განხორციელების რა ეტაპზე უნდა განისაზღვროს საწარმო ამოქმედებულად, ამ წესებს განსაზღვრავს ეს ცვლილება. ახალი რედაქციის თანახმად, არსებობს სამი ვარიანტი, რის საფუძველზეც შესაძლოა ჩაითვალოს საწარმო ამოქმედებულად. პირველი წესის თანახმად, როდესაც პროექტით განსაზღვრული თანხები იქნება სრულად დახარჯული, მეორე წესის მიხედვით, დაწესებულია 18 თვიანი ზედა ზღვარი, საიდანაც ავტომატურად განისაზღვრება საწარმო ამოქმედებულად. ეს საჭიროა იმისთვის, რომ პროექები დროში ხელოვნურად არ გახანგრძლივდეს. მესამე წესის თანახმად, შესაძლებელია ბენეფიციარის მომართვის საფუძველზე, 18 თვეზე ადრე ჩაითვალოს საწარმო ამოქმედებულად მიუხედავად იმისა, თანხა ბოლომდე გაიხარჯა თუ არა. ეს ცვლილება დაემატა იმიტომ, რომ იმ შემთხვევისთვის, როდესაც საწარმოში მცირე დეტალებია დასასრულებელი, მაგალითად, ეზოშია ჩასატარებელი გარკვეული სამუშაოები, ან ისეთი დეტალებია შესაძენი, რაც არსებითად გავლენას არ ახდენს საწარმოს ფუნქციონირებაზე, ჩაითვალოს ის ამოქმედებულად. ამ შემთხვევაში, ბენეფიციარის მოთხოვნა კომისიური წესით დაკმაყოფილდება”,- განაცხადა ნიკა ქავთარაძემ.

მისი თქმით, ეს სამი ვარიანტი იქნება საწარმოს ამოქმედების ვადის განსაზღვრისთვის, რომლის შესაძლებლობასაც ძველი ჩანაწერი არ იძლეოდა. აღნიშნული ცვლილებები ძალაში 1 ივნისიდან შევიდა.