ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი – რა იცვლება ნარჩენების მართვის სისტემაში?

1134

სტატია მომზადებულია “ლიბერალის” მიერ პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში

ავტორი: დავით ფარულავა

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900 000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის 75%-ზე მეტი ნაგავსაყრელზე ხვდება. ნაგავსაყრელზე განთავსება ნარჩენების მართვის ყველაზე ნაკლებად სასურველი გზაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ნაგავსაყრელი არასათანადოდ არის მოვლილი. ეს პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით მწვავეა და ევროპულ ქვეყნებთან შედარებით კონტრასტი დიდია. განსხვავებას უკეთ დავინახავთ, თუკი საქართველოს შვედეთს შევადარებთ, სადაც ნაგავსაყრელზე ნარჩენების მხოლოდ 1% ხვდება.

ამჟამად საქართველოში 56 ნაგავსაყრელია, რომელთაგან მხოლოდ 5-ს აქვს მოპოვებული გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ 1960-80-იან წლებში, ყოველგვარი დამცავი მექანიზმის გარეშე აშენდა. ასეთი ნაგავსაყრელები გარემოსთვის და მოსახლეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს: დამცავი საფარის არარსებობის გამო, ნაგავსაყრელზე წამოქმნილი წყალი მიწაში იჟონება და მიწისქვეშა წყლებს აბინძურებს. დამცავი ზედა საფარის არარსებობის გამო, უკონტროლო წვის შედეგად წარმოქმნილი მავნე ქიმიური ნივთიერებები, ისევე, როგორც ლპობის შედეგად წარმოქმნილი გაზები, ჰაერში ხვდება.

ასეთი ნაგავსაყრელები მოსახლეობისა და გარემოსთვის საზიანოა, თუმცა, მათ გარდა, პერიოდულად ჩნდება, ე.წ. ქაოსური ნაგავსაყრელები, სადაც მოსახლეობა ნაგავს უკონტროლოდ ყრის.

ამ გამოწვევების ფონზე, ქვეყანას ნარჩენების მართვის ახალი გეგმა აქვს. მყარი ნარჩენების მართვის სისტემა პირველად ქუთაისში დაინერგება, სადაც ახალი, თანამედროვე სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება.

რით იქნება განსხვავებული ქუთაისის სანიტარული ნაგავსაყრელი?

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია – სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით (თბილისისა და აჭარის გარდა) 54 ნაგავსაყრელს მართავს. კომპანიამ 21 ნაგავსაყრელი უკვე დახურა და ამჯერად 30-ს მართავს, რომელთაგან, ექსპერტების შეფასებით, ევროპული სტანდარტის შესაბამისად არცერთი არ ოპერირებს. ამ დრომდე არსებული ყველა ნაგავსაყრელის დახურვა 2023 წლამდე იგეგმება. ამასობაში კი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის აშენება ქუთაისის მახლობლად ივნისში დაიწყება. იგი იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არსებულ რამდენიმე ნაგავსაყრელს ჩაანაცვლებს. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) პროექტის განსახორციელებლად 20 მლნ. ევროს ოდენობის სესხი გამოყო. ინსტიტუციური მხარდაჭერისთვის, გადამზადებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის 2 მლნ. ევროს გამოყოფს „ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდი“ (NIF). რაც შეეხება საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობას, იგი დამატებით 4 მლნ. ევროს გამოყოფს.

ქუთაისში ამჟამად არსებული ნაგავსაყრელი წარმოადგენს ნარჩენების 15-20-მეტრიან გროვას. იგი მას შემდეგ დაიხურება, რაც 2019 წელს ქუთაისის მახლობლად, თერჯოლაში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი გაიხსნება. 2023 წლისთვის საქართველოში უნდა დაიხუროს ყველა ნაგავსაყრელი და გაიხსნას მხოლოდ 10 ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი.

„ფსკერზე თიხის, გრაველის, გეომემბრანისა და გეოტექსტილის რამდენიმე საიზოლაციო ფენა განთავსდება, წყლის გასატანად სპეციალური მილები ჩაიდგმება, ნაგავსაყრელი დაიფარება მიწით და ზედ განთავსდება ნარჩენები. ეს ზომები დაგროვილ წყალს მიწაში ჩაჟონვისგან დაიცავს. წყალი გაიწოვება და გაიწმინდება“, – ამბობს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი.

მისი თქმით, ნარჩენები მიწით დაიფარება, რაც ნაგავსაყრელს წვიმის წყლით გაჯერებისა და სუნის გავრცელებისგან დაიცავს. რაც შეეხება გაზის კოლექტორებს, ისინი ნაგავსაყრელის ამუშავებიდან 2-3 წელიწადში ამუშავდება, როცა გაზების წარმოქმნა დაიწყება.

„ეს გაზი გაიწმინდება. თუკი კომერციულ შეთავაზებას მივიღებთ – გავყიდით; თუ არა – დავწვავთ, რომ ჰაერში არ მოხვდეს“, – ამბობს სუხოშვილი.

ნაგავსაყრელი რეგიონული „სამხრეთ კავკასიაში ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ფარგლებში შენდება, რომელშიც, საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი და სომხეთი მონაწილეობს. ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის აშენება სომხეთის სიდიდით მესამე ქალაქში, ვანაძორში იგეგმება.

პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 66 მლნ. ევროა.

როგორ იმუშავებს მყარი ნარჩენების მართვის ახალი სისტემა?

სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე